Dolce&Gabbana

დომენიკო დოლჩე და ესტეფანო გაბანა გაბანა არც ისე იშვიათად ერთმანეთში ერევათ, ზოგი ფიქრობს, რომ ძმები არიან, ისეთებიც არსებობენ, სულაც – ერთი კაცი რომ ჰგონიათ. დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა. ტანსაცმლის შექმნის პროცესზე შეყვარებული ადრეული ბავშვობიდან.გატაცებით ეხმარებოდა მამას ატელიეში. არც თუ მაღალი, სრული და წყნარი, მწვანეთვალება, უყვარს შავი ფერი (მკაცრი კათოლიკური აღზრდის შედეგი), და მყუდრო შინაური საღამოები.

სრულიად საწინააღმდეგოა სტეფანო გაბანა: 1963 წელს მილანში დაიბადა. მაღალი, კარგად აგებული, მომღიმარი და უშუალო, ტიპიური იტალიელი კაცი. სიყმაწვილიდანვე მოდის დევნაში ხარჯავდა ფულს, მერე და მერე კი ჰობი საყვარელ საქმედ გადაექცა. ეს ორი ადამიანი ბედისწერამ 1982 წელს, მილანში, ატელიეში მუშაობის დროს შეახვედრა.საბედისწერო ნაცნობობამდე თითოეული შემოქმედებითი და მოდის სიყვარულის საკუთარი გზით მიდიოდა. შემდეგ კი მსოფლიო მოდაში ორი, სრულიად სრულიად განსხვავებული, ქარიზმატული იტალიელი გაჩნდა, რომლებმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დუეტი შექმნეს. უცნაურია, ასეთ განსხვავებულ ადამიანებს ამდენი საერთო რომ აღმოაჩნდათ: დომენიკოსაც სტეფანოსაც კლასიკური ფილმები, ბაროკოს ეპოქა და კაცები უყვარდათ…ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო! დოლჩე და გაბანა სიყვარულშიცა და ბიზნესშიც პარტნიორები გახდნენ. ერთმანეთს ავსებდნენ და მხარს უმაგრებდნენ და პირველი კოლექციის შექმნისთანავე მოდის სამყაროში ტრიუმფით შეაღეს კარი. არც შემოქმედებითი და არც პირადი ცხოვრების დეტალებს საიდუმლოდ არ ტოვებდნენ. 20 წლის მანძილზე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ჰეტეროსექსუალური წყვილებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ.

დღეს სიყვარულმა მათი დუეტი დატოვა და ახლა ისინი მხოლოდ საქმეში არიან ერთად. ჰოდა, ეს ბიზნესი 80-იან წლებში ნულიდან დაიწყეს, თავიდან საჭმლის ფულიც არ ჰყოფნიდათ, ყოველდღიური მენიუ ბრინჯის ფაფისგან შედგებოდა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ, Milano Collezioni-ს ჩვენებაზე, შენიშნეს. ექსპრესიული გაბანას და თავშეკავებული დოლჩეს პირველ კოლექციას “ნამდვილი ქალი” ერქვა (1986 წ). მათი შემოქმედებაც ნამდვილი ქალის ძიებადაა მონათლული. 80-იანი წლების მოდაზე ისინი ამბობდნენ, რომ მოდა უფრო მახინჯი არასდროს ყოფილა, არანაირი სექსუალურობა, არანაირი სხეული!!!! – ამბობდნენ ისინი და ჩვენებაც ამ უსახური მოდელების გაპროტესტებას ჰგავდა.. დოლჩესა და გაბანას შთაგონების მთავარი წყარო ბრწყინვალე იტალიელი მსახიობები: სოფი ლორენი ჯინა ლოლობრიჯიდა და ანა მანიანი იყვნენ… თავად ბრენდი D&G კი1994 წელს წარადგინეს… მამაკაცის სამოსის, საცურაო კოსტიუმები, თეთრეული, აქსესუარები, ფეხსაცმელები, დახეული ჯინსების მოდა, ბიუსტჰალტერის საცვლიდან მშვენიერ სამოსად გადაქცივა, კოლექციებში წვრილწელიანი სამოსის შეტანა, მაქმანებიანი გრძელწინდები, გამჭვირვალე კაბა-კომბინაციები – სიახლით გაჟღენთილი ხაზები, და არა მარტო მაღალი მოდისთვის. პირველი არომატი Dolce&Gabbana Parfum 1992 წელს გამოვიდა და ქალბატონების გული ადვილად დაიპყრო; მოგვიანებით, 1996 წელს, Gabbana pour Homme ელეგანტური მამაკაცური არომატი გამოდის. ბრენდის ყველა სუნამო ულტრამოდურ ტენდენციებს იცავს, განკუთვნილია ახალგაზრდა და თანამედროვე აუდიტორიისთვის. 2006 წელს არომატს The One რეკლამას ჟიზელ ბიუნდჰენი უკეთებს. ხოლო 2008 წელს მამაკაცებისთვის გამოშვებულ The One for Man-ს კი – მეთიუ მაკკონაჰი. მილანური პატარა ატელიეს მილიონობით შემოსავლის მოდის იმპერიად გადასაქცევად წყვილს 10 წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდა. დღეს ბრენდის კლიენტებს შორის არიან: მადონა, მონიკა ბელუჩი, ბიონსე, კაილი მინოუგი, ვიქტორია ბეკჰემი,იზაბელა როსელინი, დემი მური, ნიკოლ კიდმანი და ბევრი, ბევრი სხვა და შემოსავალიც მილიონებს ითვლის.


Tokada Kenzo

კენზოს პირველ ჩვენებას სულ 50 კაცი ესწრებოდა, მათ უცნაური ხასხასა ტანისამოსი იხილეს, შეკერილი იაპონური ნაჭრებისგან კიმანოს სტილში. დარბაზში სიცილი ატყდა, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ვის ჩვენებას იგდებდნენ მასხრად…

ის დაიბადა 1939 წლის 27 თებერვალს ხიოგოს პროვინციაში, ხიმეის სასახლის ძირას მდებარე სოფელში. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო ინგლისური ლიტერატურის შესწავლა კობე გიაბო-ს უნივერსიტეტში, მაგრამ პირველი სემესტრის შემდეგ მიატოვა სწავლა და გაემგზავრა ტოკიოში სამუშაოდ, იმისათვის რომ საკუთარი თავი ერჩინა კენზო მუშაობდა მღებავის თანაშემწედ და იღებდა 3000 იენას თვეში (რაც დაახლოვებით 7 დოლარი იყო იმ დროისთვის). ხშირად უწევდა ცხოვრება მაღაზიაში. მაგრამ მაინც ახერხებდა საღამოობით ევლო დაუსწრებელ კურსებზე დიზაინერებისთვის.ის იყო პირველი ბიჭი რომელიც მიიღეს  Bunka Gakuen -ში (მოდელიორის უძველესი იაპონური სკოლა გოგონებისთვის)

მისი ოცნება პარიზში გამგზავრება იყო. მოგვიანებით მას ბედმა გაუღიმა, დაანგრიეს სახლი რომელშიც ის ცხოვრობდა, რისთვისაც მიიღო კომპენსაცია 350 ათასი იენი. 1 იანვარს 1965 წელს კენზო ჩავიდა მარსელში და ჩაჯდა მატარებელში, რომელიც პარიზისკენ მიემგზავრებოდა. ის არ საუბრობდა ფრანგულად, მას არ ქონდა არც სამსახური, არც ბინა, ის დუმდა, ათვალიერებდა, ისმენდადა ფიქრობდა…

პარიზი კენზოსთვის გადაშლილი წიგნი გახდა, ”მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ ვგრძნობ თავს ისე კარგად როგორც პარიზში” ამბობს კენზო, ”აქ ყველა ქვა, ყველა ღრუბელი, ყველა გამვლელი მეხმარება  რაიმე ახლის შექმნაში. თუმცა მე სულით იაპონელი დავრჩი.” პარიზში 5 წლის ცხოვრების შემდეგ კენზო თავის თანაკურსელ ატსუკო კონდოსთან ერთად ხსნის ყველაზე მომხიბვლელ ბუტიკს პარიზში ”Jungle Jap”_ს. სწორედ მაშინ მოხდა ის პირველი ჩვენება, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ კენზოს ბიოგრაფიის მოყოლა.

70 იან წლებში მოდური იყო ტანზე მომდგარი სამოსი. მომდგარი მხრებით და მკლავებით. ”სხეულს სივრცე ჭირდება, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი” ამბობს კენზო. ეს სიახლე იყო ევროპისთვის. ყველა მათგანი კენზო, მიაკე, იამამოტო, კავაკუბო ქმნიან ფართე მოდელებს და ცდილობენ დაარღვიონ ევროპული მოდის სტანდარტი. ეს დიზაინერები აღიარებენ რომ ფართო ტანსაცმლისადმი სწრაფვა ყველა იაპონელისათვის გენეტიკურია, ვიწრო და რომ ტანზე მომდგარ სამოსში ისინი იხუთებიან.
თავისუფალი სამოსი რევოლუცია იყო ევროპულ მოდაში და როგორც ყველა რევოლუციას მასაც ქონდა წინაპირობა, გადაღლილ ევროპელებს აღარ უნდოდათ ვიწრო სილუეტიანი სამოსი, ისინი დაიღალნენ საკუთარი სხეულის დემონსტრირებით. კენზოს სტილი მაშინვე მონათლეს როგორც ”ახალი დეკონსტრუქტივიზმი”  ” Couture Destructuree,”  და ეს მიმდინარეობა ახალგაზრდა თაობის ხასიათს შეეფერებოდა.   ახალგაზრდულმა მოდამ მას მალევე მოუტანა წარმატება, მის მოდელებში მაშინაც აღინიშნებოდა ფერთა სიმრავლე, ყვავილების და ნახატის შერწყმა. ზოლები, ბადეები, ყვავილები, ცხოველები ერთმანეთში ირეოდა წარმოუდგენელი კომბინაციებით. მისი სამოსი ლაღი და უდარდელი ცხოვრების შთაბეჭდილებას ტოვებდა. კენზო საკუთარ სტილს აფასებს როგორც Haute Couture, -ს დარღვევას. მის ტანისამოსში ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლური, ეთნიკური და თანამედროვე პარიზული სტილი.   კენზო არ ცნობს ელვას, ღილებს, დუგმებს, გამოყვანილ გვერდებს და ვიტიჩკებს. რჩება მხოლოდ სწორი, თავისუფალი სტილი ფერების მრავალფეროვნებით და რითმით, რაც უცხო იყო ევროპული თვალისთვის.

ეს ბუტიკი ვიქტუარის მოედანზე მაშინვე ხდება ყველაზე მოდურ ადგილად პარიზში. 70 იან წლებს მოყვა 80იანი, როდესაც მსოფლიო გიჟდება ყველაფერზე, რაც მოდაშია. როდესაც შესაძლებელი გახდა დიზაინერების ყველაზე ავანგარდული  ფანტაზიების განხორციელება. კენზო ხდება ერთ ერთი პირველი მოდელიორი, რომელმაც თავისი ჩვენება ფერად, მხიარულ შოუდ აქცია.

Christian Dior

ცნობილი დიზაინერი კრისტიან დიორი 1905 წლის 21 იანვარს საფრანგეთში, კერძოდ ნორმანდიაში დაიბადა. ის ოჯახში მეხუთე შვილი იყო და თავისი და-ძმისაგან ყოველთვის განსხვავდებოდა. მშობლების მსგავსად, თავადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. სამხედრო სამსახურის გავლის და რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ, კრისტიანი პარიზში დაბრუნდა და 1935 წელს ესკიზების გაყიდვით, დიზაინერის კარიერა დაიწყო.

საზოგადოების მოწონებას ძირითადად მის მიერ შექმნილი ქუდების ესკიზები იმსახურებდა, თუმცა კრისტიანი კონცენტრირებას მაინც კაბების დიზაინზე ახდენდა.
1938 წელს დიზაინერი რობერტ პიგეტის მოდის სახლმა დაიქირავა, თუმცა მისი მუშაობა მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა. დიორი სამხრეთ საფრანგეთში მსახურობდა. ომის შემდეგ ის ისევ პარიზში დაბრუნდა და 1941 წლიდან ლუსიენ ლელონგის მოდის სახლში განაგრძო მუშაობა. 1946 წელს კრისტიან დიორმა თავისი დიზაინის სახლის გახსნაც მოახერხა.

1947 წელს დიორმა პირველი კოლექცია, ძალიან ცნობილი “NEW LOOK” ანუ “ახალი ხედვა” შექმნა. მომრგვალებული მხრები, ვიწრო წელი და სავსე ქვედა ბოლო _ ეს იყო დიორის პირველი კოლექციის მთავარი შტრიხები, რომელიც შემდეგ მსოფლიომ აღიარა.

ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთში ქალბატონების უმრავლესობა მამაკაცის სამუშაოს ითავსებდა და შესაბამისადაც ეცვა. ისინი დაღლილები იყვნენ გამოზოგვით და არაფრისაგან რაიმეს შექმნით. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კრისტიან დიორი, რომელიც ბრწყინვალე და მდიდრულ სამოსს ქმნიდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა პარიზის მოდის დედაქალაქად ქცევაში.

კრისტიან დიორის ყველა პერიოდის კოლექციას თავისი თემა ჰქონდა. ეს იყო კლასიკური კოსტიუმები, ე.წ “ბალერინის სიგრძის” ქვედაბოლოები და მრავალი სხვა.

კრისტიან დიორი, თავის პარტნიორ ჯაკ რუტთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოდის ბიზნესში ლიცენზირებულ პროდუქციის წარმოებას ემხრობოდა. ჯერ კიდევ 1948 წელს, დიორმა ლიცენზირებული ბეწვეული, წინდები, ჰალსტუხები, პარფიუმერია და ტანისამოსი რეგიონალურ მაღაზიებში გაავრცელა. ამან ბრენდის პოპულარობას ძალიან შეუწყო ხელი.

1953 წელს დიორმა ასისტენტად 20 წლის, ახლა უკვე ცნობილი დიზაინერი ივ სენ ლორენი დაიქირავა. 1957 წელს, იტალიაში, გულის შეტევით კრისტიან დიორი უცაბედად გარდაიცვალა. სწორედ ამ წლიდან ივ სენ ლორენი დიორის სახლის მთავარ დიზაინერად იქცა. მისი პირველი კოლექცია “ტრაპეცია კაბებისგან” შედგებოდა. მას შემდეგ რაც, ივ სენ ლორენი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1960 წლიდან მარკ ბოჰანმა მთავარი დიზაინერის ფუნქციები თავის თავზე აიღო. ის 1989 წლამდე მუშაობდა, სანამ ჯან ფრანკო ფერემ არ დაიკავა მისი ადგილი. ფერე დიორის სახლში 1996 წლამდე მუშაობდა.

ჯან ფრანკო ფერეს შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, 1996 წელს ჯონ გალიანომ მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. მანამდე ის “ჟივენშის” მოდის სახლში მუშაობდა.

კრისტიან დიორი “შანელისგან” განსხავებით ცნობილია, როგორც ძალიან რომანტიკული, ძალიან ქალური სტილის დამკვიდრებით. მისი კოლექციები უფრო ფუფუნებისკენ იყო მიდრეკილი, ვიდრე კომფორტისაკენ.

გალიანო, როგორც დიორის მემკვიდრე, იგივე სტილის, უაღრესად ქალურ სამოსს ქმნის, რომელშიც ერთნაირად იგრძნობა დღევანდელი გამოხატვის თავისუფლება და წარსულის სიმდიდრე.

Nina Ricci

მეწაღის ქალიშვილი მარი ადელანდ ნიელი, რომელიც მსოფლიომ ნინა რიჩის სახელით გაიცნო, ბედისწერის ნებიერა ნამდვილად არ იყო. მამამისი მდიდარი კლიენტების მოზიდვის იმედით ტურინიდან მონტე-კარლოში გადაბარგდა,მაგრამ მალე გარდაიცვალა და ცოლს ერთი გროშიც ვერ დაუტოვა. 12 წლის მარი სამკერვალო სახელოსნოში მიდის, რომ კერვა ისწავლოს და თავი ირჩინოს. მომავალი პროფესიისკენ პირველ ნაბიჯს სწორედ აქ დგამს და … მომხიბვლელ შლაპებს აკეთებს – ადგილობრივი ლამაზმანები ერთმანეთს ხელიდან აცლიან სიახლეს. 14 წლის დედასთან და უფროს დასთან ერთად სურსათის მაღაზიაში მუშაობს, საღამოს კი ისევ სახელოსნოში მიდის. რისთვის წვალობს, რა ელის წინ? დიდი არაფერი, ჯერჯერობით მიზანი მარტივი და არც ისე ფერადოვანი ჩანდა: მოდის სახლში მუშაობა, სადაც ახალბედებს ღილის მიკერების უფლებას აძლევდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, კურიერის საქმესაც ანდობდნენ. ყველა საფეხურს რომ გაივლიდა, უმცროსი მოდისტის ადგილი ელოდა, მერე – საშუალოს, და მხოლოდ ძალიან დიდიხნის მერე – პირველის. ამ ნაღვლიან და უღიმღამო გზას ასობით გოგონა დადგომია, მაგრამ მარი ამ ბრბოში არ დაიკარგა. 18 წლის ასაკისთვის პირველი მოდისტის ადგილი მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ კი მკერავები იქირავა და ისინიც მისი ესკიზებით იწყებენ ტანსაცმლის კერვას. ერთხელ, ავტობუსის გაჩერებაზე მეყვავილემ დაინახა და შეუყვარდა, მას ლუი რიჩი ერქვა… ასე გახდა მარი ნიელი ნინა რიჩი. სამწუხაროდ, მათი ქორწინება იღბლიანი არ აღმოჩნდა. მალე ნინა მარტო დარჩა. ძველებურად ქანცისგაწყვეტამდე შრომობს და სულ მაღლა და მაღლა ადის კიბეზე, რომელსაც მაღალი მოდის სამყაროში მიჰყავს. არავინ იცის, რა წვალებად დაუჯდა ეს, – შვილი, რობერტი სულ პატარა იყო.
20-იან წლებში ნინა რიჩი რაფინის სახლში იწყებს მუშაობას, 10 წლის შემდეგ მისი თანამფლობელი ხდება და მაინცდამაინც არ დარდობს მომავალზე,როცა სახლის დახურვა გარდაუვალი გახდა. 40 წლის ასაკში ის უკვე მდიდარია, დამოუკიდებელი. როგორც იქნა შეუძლია, საკუთარ თავს ვერტიკალზე სრბოლისგან დასვენების უფლება მისცეს. განზრახვა მტკიცე იყო, მაგრამ რობერტი?… ნინა ერთი წლის შემდეგ 50 წლის უნდა გამხდარიყო. თეთრი კადილაკით მგზავრობდა, საოცარი მარგალიტები ეკეთა, რომლებსაც არასდროს იხსნიდა (“არ მოკვდნენო”) და დამსახურებულ სიმშვიდეზე ოცნებობდა. შვილმა კი ახალი იდეით გადაარწმუნა – მოდის სახლი საკუთარი სახელით გახსენიო. მსოფლიო კრიზისის პირობებში ეს სიგიჟეს ჰგავდა, მაგრამ ამის მიუხედავად, 1932 წელს კაპუცინების ქუჩის 20 ნომერში გაჩნდა აბრა: NINA RICCI ოჯახურ დუეტს პირველივე ჩვენებამ უდიდესი წარმატება მოუტანა. თავისი კლიენტების – ბურჟუები, რომლებიც ექსტრავაგანტულობას ირჩევდნენ – გემოვნებას ნინა რიჩი შესანიშნავად, ზედმიწევნით იცნობდა. კლასიკური კოსტიუმი, “პატარა” კაბა, კაბა-კოსტიუმი ესაა პირველი ჩვენებების საფუძველი. საიდუმლო ქარგაში იყო, ამასემატებოდა სრულყოფილი შესრულება და ზომიერი ფასი (“ლანვენზე” და “პუაროზე” სამჯერ დაბალი) – და სულ მოკლე დროში ნახევარ პარიზს ნინა რიჩი ეცვა კომერციული ალღო ოჯახურ კომპანიას ტანსაცმლის ფრანგი მწარმოებლების პირველ რიგებში მოახვედრებს.ნინა რიჩი 1970 წელს გარდაიცვალა, 1979 წელს მოდის სახლი პრესტიჟულ მონტანის ავენიუზე გადავიდა

Gabrielle Coco Chanel

გაბრიელ  „კოკო“ შანელი (Gabrielle  “Coco” Chanel ) დაიბადა 1883 წ. 19 აგვისტოს სომიურში, სამხრეთ საფრანგეთი. მას ყავდა ორი და და სამი ძმა.12 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და გაბრიელი ბავშვთა სახლში წაიყვანეს. მას ზრდიდნენ მონაზვნები და ასწავლიდნენ კერვას.რომ გაიზარდა, მუშაობა დაიწყო ტანსაცმლის მაღაზიაში, მღეროდა კაბარეში. მან გაიცნო ფრანგი მილიონერი ეტენ ბალზანი, ხოლო მოგვიანებით შეხვდა ინგლისელ არტურ კაპელს. ამის შემდეგ მას უკვე შეეძლო საკუთარი მაღაზიების გახსნა.

შანელმა დაიწყო ქუდების შექმნა პარიზში, სადაც ქუდების პირველი მაღაზია გახსნა 1910 წ. შემდეგ გახსნა მაღაზიები დოვილში და ბიარიცში. ამ პერიოდში დაიწყო ტანსაცმლის კერვა და 1916 წ. გახსნა მაღალი მოდის სალონი ბიარიცში, ხოლო 1920 წ. გადავიდა პარიზში.

შანელმა ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტები გააერთიანა და შექმნა განსხვავებული სტილი ქალისთვის. თუმცა შანელი არ იყო ფემინისტი, პირიქით, ის მუდამ საუბრობდა ქალურობაზე და არა ფემინიზმზე. დიზაინშიც ქალურობას უსვამდა ხაზს.

1920–იან წლებში შანელის პატარა შავი კაბა იყო რევოლუციური დიზაინი.
ის პოპულარული გახდა პრაქტიკული ტანსაცმლით და საფირმო კოსტიუმით. შანელის ჟაკეტი არის მისი დიზაინერული ფილოსოფიის სიმბოლო.
შანელი ამბობდა: „მოდა მიდის, სტილი რჩება“ და „ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა“. და მან შექმნა მუდმივი მოდა.

ის დაკავშირებული აღმოჩნდა იმ დროინდელ ახალ მოძრაობასთან, რომელშიც შედიოდნენ პიკასო, სტრავინსკი და კოკტო. ხელოვანთა მსგავსად, მანაც დაანგრია ძველი ფორმულები და გამოიგონა თვითგამოხატულების ახალი გზა. კოკტომ ერთხელ მასზე თქვა, რომ ის არის საოცრება, მუშაობს რა მოდაში იმ წესების მიხედვით, რაც ღირებულად მიიჩნევა მხოლოდ მხატვრებისთვის, მუსიკოსებისა და პოეტებისთვის.

შანელი ყოველთვის ამბობდა „ მოდა არ არის უბრალოდ ტანსაცმელი. მოდა ჰაერშია, ქარს მოაქვს. მას ინტუიციით ხვდებიან. ის არის ცაში და გზაზე.“ ის თვითონ იყო სტილის სიმბოლო თავისი უბრალო და გემოვნებიანი ჩაცმულობით, დიდი აქსესუარებით და მარგალიტის მძივებით; ატარებდა მოკლე ვარცხნილობას, პატარა ქუდებს და მზის სათვალეებს.მისი სტილი არის კლასიკური და თან მოხდენილი, კომფორტული, ელეგანტური.მან პირველმა გახადა შავი ფერი მოდურად.

1921 წ. გამოვიდა შანელის სუნამო Chanel No. 5. ეს არ იყო უბრალოდ სუნამო, არამედ ქონდა თხევადი ოქროს ფორმა არტ დეკოს სტილის ბოთლში. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც ატარებდა დიზაინერის სახელს. ეს სუნამო სარგებლობს მუდმივი წარმატებით მის გამოგონების შემდეგ და არის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სუნამო.

შანელამდე ქალის სუნამო იყო მონოარომატული. მან კი შექმნა რთული, სინთეზური Chanel No. 5, რომელსაც არ ქონდა რომელიმე ერთი ყვავილის სუნი.პარფიუმი ასახავდა შანელის პიროვნებას, რაღაც აბსტრაქტულს და უნიკალურს. მერლინ მონრომ თქვა: „ძილის წინ ყოველთვის ვიპკურებ ორ წვეთ Chanel No. 5“.

შანელის ბიზნესი შეწყვიტა ჯერ პირველმა და შემდეგ მეორე მსოფლიო ომებმა. ომის წლებში ის თავს აფარებდა შვეიცარიას; მოდის ბიზნესს ხელახლა, 1953 წ. დაუბრუნდა.

შანელი თანამშრომლობდა ჰოლივუდთან, აცმევდა ცნობილ მსახიობებს.

კოკო შანელს ჰქონდა რამდენიმე გახმაურებული რომანი, თუმცა არასოდეს გათხოვილა.
ცხოვრობდა პარიზში, სასტუმრო რიცის აპარტამენტში.

კოკო შანელი გადაიცვალა 1971 წ. 10 იანვარს, 88 წლის ასაკში, სასტუმრო რიცის თავის ოთახში, პარიზში.
მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ასისტენტებმა გააგრძელეს მისი საქმე.

1983 წლიდან კი შანელის სახლის დიზაინერია კარლ ლაგერფელდი, რომელმაც შანელს კიდევ უფრო მეტად გაუთქვა სახელი და კომპანია კიდევ უფრო მომგებიანი გახადა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.